2019-01-16 18:32:04
უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების და ეკლესიის აღიარებას ელოდებიან

უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების და ეკლესიის აღიარებას ელოდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას რადას დეპუტატი და ეკლესიის წარმომადგენლები აკეთებენ. 

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ვიქტორ ელენსკის განცხადებით, ქართული ეკლესიის პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. ელენსკი ასევე ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი მადლობელი იქნება თუ საქართველოს მთავრობა მათ ავტოკეფალიის მიღებას მიულოცავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ხელისუფლებას პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ.

„ჩვენ ვნახეთ მასშტაბური ზეწოლის მცდელობები მსოფლიო საპატრიარქოზეც და ზოგადად მართლმადიდებლურ ეკლესიებზე. მიზანი იყო არ დაეშვათ უკრაინის ავტოკეფალია. რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან და სხვებისგანაც ველით მხარდაჭერას. ველით, როდის მიიღებს ქართული ეკლესია გადაწყვეტილებას, როდის მიაღწევენ კონსენსუსს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი მილოცვა მადლიერებით იქნებოდა მიღებული უკრაინელი მხარის მიერ. ვფიქრობ, რომ რუსეთი აშანტაჟებს ქართულ ეკლესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიებით. მაგრამ ჯერ კიდევ შარშან, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ არ წამოეგონ რუსეთის შანტაჟს, არ აყვნენ მათ მუქარას. უკრაინაში ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ძალიან აფასებენ თავად საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის და საქართველოს მთავრობის პოზიციაც. პოლიტიკურის გარდა არ არსებობს არც ეკონომიკური და არც სამართლებრივი საფუძველი, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დავუჭიროთ. სხვათა შორის, როდესაც ქართულმა ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალიის შესახებ, რუსი ეპისკოპოსები მაშინაც წინააღმდეგნი იყვნენ,“ - განაცხადა ვიქტორ ელენსკიმ.

ამავე თემაზე