2019-01-16 15:33:31
"ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან" - დავით ზალკანიანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს ეხმიანება

უკრაინისთვის ავტოკეფალიის ოფიციალურად მინიჭებიდან 11 დღე გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს. დიპლომატიური უწყება, სტრატეგიული პარტნიორის და საქართველოს მსგავსად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მილოცვას ისევ არ ჩქარობს და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.

საპატრიარქო კი პოზიციის დაფიქსირებას ტომოსის წაკითხვის შემდეგ აანონსებს, რომელიც 11 დღეა ხელმისაწვდომია, მაგრამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ის ისევ ვერ წაიკითხეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ეკლესიის კომპეტენციაა, მიულოცავს თუ არა ან როდის მიულოცავს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას. 

რაც შეეხება პრემიერის პოზიციას, რომელზეც ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა, მოკლე კომენტარი მამუკა ბახტაძემ შობის ღამეს გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას ელის. 

"პირველ რიგში, ეს სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს. ეს არის თავშეკავება?- არ ვფიქრობ, რომ თავშეკავებაა, ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან.

ოფიციალური პოზიციაა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, როდესაც მინისტრი ახმაურებს. მთავრობამ და პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავრობის შემადგენელი ნაწილი, როცა პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, ეს არის მთავრობის და ყველას პოზიცია,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.

ამავე თემაზე