2019-01-12 12:36:55
ირაკლი კობახიძე - "განახლებისთვის შეიძლება, იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატების"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და დამტკიცების მექანიზმები ირაკლი კობახიძემ დღეს გიორგი მიქაუტაძესთან ერთად განიხილა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სიის უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა იმ შემადგენლობამ, ვინც პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილია, უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს და სია ჩავარდეს.

„დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მსჯელობის საგანი. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის პოლიტიკური პროცედურა და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციური სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან, კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მივიღებთ თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ყველაფერს ექნება ერთგვარი უკუძალა.

კიდევ ერთხელ იქნება განახლებული სია, დანარჩენი არის ტექნიკური მხარე. თითოეული ის კანდიდატი, რომელიც იქნება წარმოდგენილი საგაზაფხულო სესიისთვის, მანამდე თუ როცა იქნება, დაექვემდებარება იმ პროცედურას და კრიტერიუმებს, რომლებიც იქნება გაწერილი. ბევრი ფორმა შეიძლება, მოვიფიქროთ ამისთვის. განახლებისთვის შეიძლება, იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატების, შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები, ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ მთავარი არის პოლიტიკური ნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე