2019-01-11 18:15:50
ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები... ომის პირას ნამდვილად არა ვართ - პრეზიდენტი "ოცნების" დაპირისპირებაზე

საქართველოს პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან და პირველი კომენტარი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე. 

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამი კვირის შემდეგ გამოჩნდა ამბობს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს." ომის პირას ნამდვილად არა ვართ"- აცხადებს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველ გუნდში მოსამართლეების საკითხზე არსებული დებატები ღრმა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

„ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათა შორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე