2019-01-11 13:27:03
ვინ და რა “კრიტერიუმის” მიხედვით შესთავაზა თქვენი კანდიდატურა ბატონ ედუარდს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ დასანიშნად? - მეთოფიშვილი მწარიაშვილს მიმართავს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი, თბილისის ყოფილ პროკურორ მაია მწარიაშვილს მიმართავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსამართლე ინტერესდება, ვინ შესთავაზა საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა. 

"მინდა პატარა დამატება გავაკეთო მ. მწარიაშვილთან დაკავშირებულ ჩემს კომენტარებთან, კერძოდ, ისევე როგორც დღეს ქალბატონი მწარიაშვილი ეკითხება ბატონ გიორგი მიქაუტაძეს სიასთან დაკავშირებით, მეც გულრწფელად მინდა ვკითხო მას:

ქალბატონო მაია, სამწუხაროდ ბატონი ედუარდ შევარდნაძე გარდაცვლილია, ამიტომ იქნებ თქვენ მაინც გაგვიმხილოთ - ვინ და რა “კრიტერიუმის” მიხედვით შესთავაზა თქვენი კანდიდატურა ბატონ ედუარდს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ დასანიშნად?"-წერს მეთოფიშვილი

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის წარდგენის შემდეგ, ყოფილ მოსამართლეებს, პროკურორებს, არასამთავრობოებს და საბჭოს წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. 

სამოქალაქო სექტორი სიის შემადგენლობას აპროტესტებს. სიამ დაპირისპირება გამოიწვია "ქართულ ოცნებაშიც" და მმართველი გუნდი ორად გაყო. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიის შემადგენლობის შეცვლას არ აპირებს. უცნობია დაუბრუნებს თუ არა პარლამენტი სიას უკან საბჭოს. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამოქალაქო სექტორი ერთიანდება და აქციებსაც კი აანონსებს. 

ამავე თემაზე