2019-01-09 17:38:09
ეკა ბესელია - "სერგო მეთოფიშვილს მოსამართლის მანტია აცვია და უმჯობესია, მართლმსაჯულებას მოახმაროს ეს დრო, რასაც პოლიტიკურ დებატებს უთმობს"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია საბჭოს მოსამართლე წევრს სერგო მეთოფიშვილს ეხმაურება და რჩევას აძლევს, რომ კონსტიტუციის იმ მუხლს ჩახედოს, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2024 წლამდე შეუძლია.

ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და საკანონმდებლო ორგანოს წევრს უპატივცემულოდ მიმართავს.

დეპუტატის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესება ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია და პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაში სწორედ მისი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე მონაწილეობს.

ბესელია კვლავ აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტიდან გასაწვევია.

“ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს გაახსენდება, რომ დეპუტატების მიმართ ასეთი ფორმით საუბარი მოსამართლის მხრიდან ინსტიტუციის უპატივცემულობაცაა, იქამდე მე ვურჩევ კონსტიტუციის იმ მუხლს ჩახედოს ბატონმა მეთოფიშვილმა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადება 2024 წლამდე შეუძლია საბჭოს. ეს ვენეციის კომისიამ მოიწონა და როცა ამ კომისიას ახსენებს, იქვე ესეც უნდა გაიხსენოს. სწორედ რეფორმის გაგრძელების შემდეგ უნდა მომხდარიყო უვადოდ დანიშვნების დაწყება საბჭოს მხრიდან. რეფორმა, რაც ჩვენ დავიწყეთ ეხებოდა მათ შორის საბჭოს საქმიანობას და იუსტიციის უმაღლეს სკოლას. ამ რეფორმის დასრულებამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეფორმას ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს. სხვათაშორის, ამავე დასკვნაში ვენეციის კომისიამ ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელება როგორც საბჭოს, ასევე პრეზიდენტსაც რომ შეეძლოს კარგი იქნებაო. ესეც წერია იმ დასკვნაში სხვა ბევრ რამესთან ერთად! ბატონ მეთოფიშვილს მოსამართლის მანტია აცვია და მართლმსაჯულებას მოახმაროს ეს დრო, რასაც პოლიტიკურ დებატებს უთმობს უმჯობესია. სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დაუცველობა უდროობის მომიზეზებით ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა დღეს სასამართლო სისტემაში. ამის გამო უკმაყოფილოა ყველა! პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში დანიშვნების დროს პარლამენტი ვერ ერევა. ჩვენ რეფორმის გაგრძელებით იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვცადეთ, გაგვეხსნა ახალი სივრცე ახალი კადრებისთვის. ამისთვის იგეგმება იუსტიციის სკოლის რეფორმა. ამიტომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში 2024 წლამდე გამოსაცდელი ვადის შენარჩუნება. რაც ხდება, ეს სწორედ რეფორმის საწინააღმდეგოა. “პარლამენტი სასამართლოს ფილიალი არაა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ვიწრო ჯგუფის დავალებებს არ შეასრულებს, ჩვენ ხალხის დავალების შესასრულებლად მოგვცეს მანდატი, ამ სიის მხარდაჭერა არაა ჩვენი ხალხის სურვილი!,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: www.interpressnews.ge

ამავე თემაზე