2019-01-05 11:29:54
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული მოქალაქე გ.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დამნაშავემ, 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს.

 დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე