2019-01-03 17:35:15
ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება - მაჩალიკაშვილი

ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ - განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, სასამართლო პროცესი 11 იანვარს არის ჩანიშნული

„დღეს, პარლამენტთან მოვიდა ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი. გამაფრთხილეს, რომ 11 იანვარს, ჩემი სასამართლო შედგება. საუბარია კარვების დადგმის დროს მომხდარ ამბავზე. კანონით მქონდა მინიჭებული უფლება, რომ კარავი დამედგა, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა სარალიძე. ზაზა ცუდად რომ გახდა, კრუნჩხვები რომ დაემართა, იქ გამწარებულმა მგონი შევაგინე, არც ვიცი. არც შეგინება და არც უწმაწური სიტყვების ხმარება ჩემ ლექსიკონში არ შედის. შეიძლება იქ რაღაც წამომცდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვების დადგმის უფლებას, როცა ამის სრული უფლება ჰქონდათო.

ამათი გაგზავნილი ფაილების მეშვეობით, ევროპაში არ შემიშვეს, გერმანიიდან დამაბრუნეს. ახლა ეცდებიან ან პირობითი, ან რაღაც მომცენ. სულ ფეხებზე მკიდია, რაც უნდა ის გააკეთონ, მე მაინც გავიტან ამ სიმართლეს და მაინც დავადგენ სიმართლეს ჩემი იურისტების, ჩემი ქართველი ერის თანადგომით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა. ამ სისტემას დავანგრევ კიდეც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე