2018-12-26 12:26:53
ბუნებრივი აირის ტარიფის სავარაუდო გაზრდას ოპოზიცია ეხმაურება

ბუნებრივი აირის ტარიფის სავარაუდო გაზრდას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ გაზზე საფასურის მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

ოპოზიციამ მთავრობის მიერ დენის ტარიფის გაზრდაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავრობის შემდეგ ნაბიჯი ამჯერად გაზზე საფასურის ზრდაა.

„გაზის ტარიფი ძალიან ბევრ რეგიონში ორი წლის წინ უკვე გაიზარდა და მძიმე ტვირთი ისედაც უკვე იყო ჩვენი გაღარიბებული მოსახლეობისთვის. შარშან ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა საჩუქრის სახით საზოგადოებისთვის დენის ტარიფის გაზრდა. სამწუხაროდ, იგივე მეორდება ახალი წლებისთვის, როცა მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია გაზის ტარიფის გაზრდა და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაიზრდება თუ არა გაზის საფასური - ამას ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ჩატარებული სხდომის შემდეგ გავიგებთ, სადაც ბუნებრივი აირის ტარიფი უნდა დადგინდეს.

ამავე თემაზე