2018-12-18 11:16:31
"წიხლებით შემდგა..."- ჯარისკაცი მეთაურს ცემაში ადანაშაულებს

სასტიკად ნაცემი სამხედრო დავით ბერიშვილი თავდასხმაში ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს ადანაშაულებს. ბერიშვილი ყვება, რომ ბიბინიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და ალგეთის ბაზიდან მისთვის სასურველი ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ გამოუშვა. მისი თქმით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მას ერთ-ერთ სამხედროსთან შელაპარაკება მოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ მას პოლკოვნიკი ბიბინიძე ფიზიკურად გაუსწორდა.

„ეგრევე შემდგა წიხლებით, დივანზე დავვარდი და შემდგა მერე წიხლებით ზევიდან. მერე გაჩერდა. ახსნა-განმარტება დამაწერინეს იქ, რომ რეკრუტთან მოუვიდა იმასაც და მეც ცოტა ხმამაღალი შელაპარაკება,“ - ამბობს დავით ბერიშვილი.

ამ დროისათვის ჯარისკაცი რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს. მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

ბერიშვილი დახმარებისთვის "რუსთავი" 2-ში მივიდა. სწორედ ტელეკომპანიის შენობაში აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა მას პირველი დახმარება.

ბერიშვილის ბრალდებებს უარყოფს ვიცე-პოლკოვნიკი ბიბინიძე. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი ჯარისკაცის მეთაურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.  პრესსამსახურის თქმით, სამხედროს დათხოვა დისციპლინური დარღვევის გამო მოხდა.  თუმცა გამოძიება სამხედრო პოლიციამ გამოძიება 387-ე მუხლით დაიწყო, რაც სამხედრო მოსამსახურის ძალადობაზე პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ამავე თემაზე