2018-12-11 10:23:06
"იქნებ იმ ზარსაც რაღაც მნიშვნელობა ჰქონოდა..."- ია კერზაია გარდაცვალებამდე მარიამ ჯაშთან დაკავშირებას ცდილობდა- ბაჩანა შენგელიას მიმართვა დეპუტატს  (ვიდეო)

გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს მიმართავს.

როგორც შენგელიამ "ტვ პირველზე" გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" საუბრისას განაცხადა, ია კერზაია ჯანმრთელობის გაუარესებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯაშთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა:

"ქალბატონო მარიამ, დედაჩემმა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, სანამ ის ავად გახდებოდა და თუ არ ვცდები ხუთშაბათს, ან პარასკევს იყო ეს 29 ან 30 ნოემბერს, მე პირადად მითხრა, რომ თქვენ იყავით ერთხელ შეხვედრაზე ზუგდიდში, სადაც დაფაზე დაწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და სთხოვეთ, რომ პრობლემის შემთხვევაში შეგხმიანებოდათ.

ქალბატონო მარიამ, დედაჩემმა თქვენ წერილი მოგწერათ, გირეკავდათ, ორი დღის განმავლობაში და გთხოვდათ, რომ მოგესმინათ მისთვის და თქვენ ეს სამწუხაროდ არ გააკეთეთ. მე უბრალოდ, ყველას სახელით მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან მძიმეა ესეთი რაღაცეები, ესეთი ისტორიები და უბრალოდ, არ ვიცი როგორ გითხრათ, რა გითხრათ, მაგრამ იქნება შეიძლებოდა იმ ზარსაც რაღაც მნიშვნელობა ჰქონოდა და ორი დღე ჰქონდა ამის იმედი, თუმცა უშედეგოდ",- მიმართა ბაჩანა შენგელიამ მარიამ ჯაშს. 

დეპუტატმა, გარდაცვლილი კერზაიას შვილს, იმავე გადაცემაში უპასუხა. როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, მის ტელეფონზე შეტყობინება არ შესულა, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მას ეს გამორჩა და აუცილებლად გადაამოწმებს. მარიამ ჯაში ბოდიშს იხდის. 

ამავე თემაზე