2018-12-07 16:41:53
"გადაიხადოს რაც გადასახდელია და მიიღებს აქციზურ მარკებს"- სამინისტრო "ომეგას" პასუხობს

ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ პასუხობს. უწყება კომპანიას ვალის დაფარვისკენ მოუწოდებს. მოადგილე გიორგი კაკაურიძე „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ საწარმოს ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ.

"გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი, თუნდაც, მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისად მოხდება შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემა, რამდენჯერაც გადაიხდის, იმდენჯერ მოხდება. ხელოვნურად არ არსებობს, თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს," - ამბობს კაკაურიძე.

„ომეგა ჯგუფის“ სახელით განცხადება დღეს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, "ომეგა ჯგუფს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. "ომეგა" სასამართლოსგან მოითხოვს შეწყდეს "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი.

ამავე თემაზე