2018-12-06 18:58:04
"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე...."

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და უმცირესობის დეპუტატო ოთო კახიძე ინფორმაციას ავრცელებს:

"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის პატიმრობის გაგრძელება იყო უკანონო, ამ განგრძობითი პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, რომელიც ზეწოლას ახდენდა პატიმარზე სხვა საქმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

კომიტეტმა მოთხოვა მთავრობას, რომ ჩატარდეს ხელახალი გამოძიება, ისე:

- რომ უზრუნველყოფილი იყოს ინსტიტუციონალური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა ნებისმიერი მონაწილე პირისგან;

- რომ შეძლოს პასუხისმგებელი პირების დადგენა და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა;

- საკმარისად ფართე იყოს გამოძიების არეალი, რათა დაადგინოს, ხომ არ მოახდინა მერაბიშვილის უფლებების დარღვევამ ზეგავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე;

- და ჩაატაროს გამოძიება ყოველმხრივ და სწრაფად.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ ყველაზე გვიან 2019 წლის 1 ივნისს დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.

ჩემი აზრით, მთავრობა არ იმსახურებდა მორიგ შანსს გამოძიებაზე, რადგან 2016-17 წლებში ჩატარებული გამოძიების იმიტაციამ აჩვენა, რომ მათ არა აქვთ პოლიტიკური ნება, პასუხისგებაში მისცენ ოთარ ფარცხალაძე, დიმიტრი დარბაისელი, მირზა სუბელიანი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები, მაგრამ ვნახოთ, რას იზამენ ამ 6 თვეში.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს და მინისტრთა კომიტეტსაც ვამყოფებთ საქმის კურსში" წერს ოთო კახიძე. 

ამავე თემაზე