2018-12-06 17:51:47
"ერეკლე მეორე დიდი მეფე კი იყო, მაგრამ... რთულ მოსახვევშია ქუეყანა ჩუენი"

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარებას ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებაში ერთგვარ ქვეტექსტებსა და "დიმპლომატიურ ენას" ხედავს, რომელსაც ის ასე განმარტავს:

"როგორია დიპლომატიური ენა?.. როგორი და, შეფარვითი... ქმედება გზავნილია... გზავნილი - ქმედება.
მაგალითად, როცა დიპლომატს შია (ისიც ადამიანია) და სადილად უკრაინულ რესტორანში შევა, ეს ქმედება გზავნილია... და იმას კი არ ნიშნავს, რომ უკრაინული ბორშჩი რუსულს სჯობს, უბრალოდ, ადასტურებს, რომ უკრაინას უჭერს მხარს.

... ასევეა ინაუგურაციაც - ერეკლე მეორე დიდი მეფე კი იყო, მაგრამ, ჯერ ერთი - დამარცხებული (არ იგულისხმება 1795 წლის მარცხი) და მეორეც - მცდარი... მცდარი, უპირველესად, საკუთარ მსაჯულთან - სოლომონთან... შესაბამისად, კონცეპტუალურად მცდარი საკუთარივე ქვეყანასთან... და აქ ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ 1783 წლის ტრაქტატს... უფრო იმაზე ვსაუბრობ, რომ ირაკლის, ანუ, ერეკლეს გულს, დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლის ბედი... მანამდეც და შემდეგაც, როცა რუსეთმა იგი მიატოვა, გადააგდო.

ინაუგურაცია თელავში... განა ცუდია რამე... განა კახელები და კონკრეტულად თელაველები ამ ღონისძიებას არ იმსახურებენ, მაგრამ, მოტივაცია თელავში ინაუგურაციისა არის შემდეგი:

"ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები... და თანამშრომლობისათვის ისევე მოწადინებულები, როგორც მეფე ერეკლე იყო..." 
ამ გზავნილს სალომე ზურაბიშვილმა ისიც დაურთო, რომ მონარქია მიუღებელი სულაც არაა... და ეს თქვა რესპუბლიკის პრეზიდენტმა...

ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ - რთული არაა დიპლომატიური ენის წაკითხვა.
ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ - რთულ მოსახვევშია ქუეყანა ჩუენი." წერს ირაკლი ტაბლიაშვილი

ამავე თემაზე