2018-12-06 15:57:30
ზურაბიშვილი 3 038 654 ლარი - ვაშაძე 1 131 989 ლარი - ვინ რამდენი დახარჯა მეორე ტურში?

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, 3 038 654 ლარის ფულადი შემოსავალი მიიღო, ხოლო ამავე პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 131 989 ლარი აქვს მიღებული - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, ზურაბიშვილმა აღნიშნულ პერიოდში, ფულადი შეწირულობის სახით, ჯამში 2 938 654 ლარი მიიღო, აქედან, ფიზიკური პირებისგან 2 168 654 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისგან 770 000 ლარი. გარდა ამისა, ზურაბიშვილს არაფულადი სახით მიღებული აქვს 406 069 ლარის შეწირულობა. აქედან, იურიდიული პირებისგან 334 236 ლარი, ხოლო ფიზიკური პირებისგან 71 833 ლარი.

ზურაბიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს აღნიშნულ პერიოდში 60-60 ათასი ლარი 15-მა პირმა შესწირა.

შემომწირველებს შორის არიან ბიზნესმენები: ზურაბ აღნიაშვილი, დიანა რაჭველიშვილი, მამუკა ლობჟანიძე, ზაალ იაკობიძე, სერგო შუღაროვი, სერგო რუხაძე, ნოდარ მიქაბერიძე, ნაზი ლიპარტელიანი, მერი ჯაფარიძე, ალექსანდრე ბაღათურია, გიორგი ჭყონია, ბესიკ მეტრეველი, გიორგი ჭელიძე და ლაურა ლარიონი და დავით მიმინოშვილი.

გარდა ამისა, სოლიდური შეწირულობები აქვთ გაკეთებული: ალექსანდრე მეგუთნიშვილს 51 832 ლარი, ალექსანდრე ამისულაშვილს 50 ათასი ლარი, თემურ კუჭუხიძეს - 40 ათასი ლარი, გელა ტყეშელაშვილს 45 ათასი ლარი, ირაკლი ბექაურს - 30 ათასი ლარი, თემურ კობახიძეს - 30 ათასი ლარი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს ფულადი შემოწირულობა მიღებული აქვს „ჯეო სენდისგან“ - 81 ათასი ლარი, „ჯეო კვარცისგან“ ორჯერ - 44 ათასი და 56 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, შპს „თანასგან“ 100 ათასი ლარი, „მილადა ინტერნეიშენელისგან“ 100 ათასი ლარი, „ემთიჯი ჯორჯიასგან“ 85 ათასი ლარი, „ტიფლისდისტილერისგან“ 100 ათასი ლარი, „ეიბისისგან“ 100 ათასი ლარი და „ჰელსისგან“ 50 ათასი ლარი.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, 15-28 ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, ფიზიკური პირებისგან ჯამში 667 895 ლარის შეწირულობა აქვს მიღებული, ხოლო 464 094 ლარის საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო.

კერძოდ, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 15-28 ნოემბრის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“ სოლიდური თანხები, 60-60 ათასი ლარი სამმა პირმა შესწირა: დავით იმედაშვილმა, გელა ჩხეიძემ და მედეა აბაშიძემ (59994 ლარი). 40 ათასი ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული შოთა მალაშხიას, 45 ათასი ლარი ხატია დეკანოიძეს, ხოლო დავით სააკაშვილს 43 ათასი ლარი. 30 ათასი ლარი - პაატა ლეჟავას, 22 ათასი ლარი - ლევან მოსეშვილს, 20-20 ათასი გიორგი მღებრიშვილს, ივანე წერეთელს, პაპუნა პაპავას, გია აფაქიძეს და ნანა ბექაურს, 10 ათასი ლარი - კოტე იოსელიანს.

აუდიტის სამსახური მეორე ტურში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ხარჯების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურის პერიოდში, 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, 3 260 810 ლარის ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 257 752 ლარის ხარჯი ჰქონდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თანხა პოლიტიკურმა სუბიექტებმა რეკლამაში დახარჯეს.

კერძოდ, შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილს, 15-28 ნოემბრის პერიოდში სატელევიზიო რეკლამაში 2 512 549 ლარი, ბეჭდურ რეკლამაში - 123 329 ლარი, ხოლო ინტერნეტრეკლამაში - 90 990 ლარი აქვს დახარჯული. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში ზურაბიშვილმა 70 919 ლარი ღონისძიებაში, ხოლო 78 957 ლარი კვლევაში დახარჯა. გარდა ამისა, 15-28 ნოემბრის პერიოდში ზურაბიშვილმა შრომის ანაზღაურებაზე 21 875 ლარი გასცა, მივლინებებში 1345 ლარი დახარჯა, ოფისის ხარჯებმა 136 609 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 29 924 ლარი მცირე ღირებულების აქსესუარებზე (მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და ა.შ.) აქვს დახარჯული.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მეორე ტურის პერიოდში, რეკლამის ხარჯი ჯამში 916 579 ლარი ჰქონდა, აქედან, სატელევიზო რეკლამაზე 821 750 ლარი, ხოლო ინტერნეტრეკლამაზე 12 235 ლარი დახარჯა. გარე რეკლამაზე კი, 79 856 ლარი ჰქონდა დახარჯული. პარტიამ შრომის ანაზღაურებისთვის 285 577 ლარი გასცა, ოფისის ხარჯები კი, 10 960 ლარი ჰქონდა.

ამავე თემაზე