2018-11-30 18:30:22
ნინო ჩიქოვანი - ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდა პოზიტიური გზავნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის  6,7 პროცენტით ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, რომელთა შორის ერთ-ერთი ცენტრალურია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საგადასახადო - საბაჟო კანონმდებლობის დახვეწისა და მათი უფრო მეტად ლიბერალიზაციის მიმართულებით. ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში შემოსავლების ზრდა ტურიზმის სექტორიდან, რომელმაც 14,1 პროცენტი შეადგინა; ასევე, რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის ზრდა 13,9 პროცენტით; საგარეო ვაჭრობის კუთხით გაუმჯობესება, კერძოდ, ექსპორტის ზრდა 15 პროცენტით. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები მიმართულია საგარეო ფაქტორებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის და რეზისტენტობის გაზრდისკენ, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდაც ხელს უწყობს ამ რეზისტენტობას და მდგრადობას.  „2018 წლის 10 თვის მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის 5 პროცენტია, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა არის სტაბილურად მზარდი. აღნიშნული ტრენდი ჩვენ ძალიან გვეხმარება საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში, რადგან მათ ინტერესშია თანამშრომლობა ისეთ ქვეყანასთან, რომლის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისკენ,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა. ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეკონომიკის ზრდა დივერსიფიცირებულია, ამასთან, სექტორებში, სადაც წინა თვეებში იყოზრდის ნელი ტემპი, ან ჩავარდნა, შესაძლებელი გახდა მეტი ინვესტიციის მოზიდვა და ამით ეკონომიკური ზრდის ტემპზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.

ამავე თემაზე