2018-11-28 12:54:53
რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას - ირაკლი კობახიძე სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს და შსს-ს მიმართავს

რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე შს სამინისტროს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

განცხადება ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

“როგორც ჩანს, აგრესიული ფონის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იმ კანონდარღვევების გადაფარვაა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სჩადიან. გვინდა ყურადღება რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე გავამახვილოთ, რასაც პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - დანაშაულებრივი სქემა. დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ხელოვნურად აგრესიულ ფონს ქმნის და ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევს.

ამავე თემაზე