2018-11-26 17:24:03
ავღანეთში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია - პროცედურამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ავღანეთში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურამ მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

„დღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე, კერძოდ მაზარიშარიფისა და ბაგრამის საარჩევნო უბნებზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა, რომლებიც ავღანეთში არიან დისლოცირებული. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.

ზოგიერთი სამხედრო არ იმყოფებოდა უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. ისინი სამხედრო პოსტებზე იყვნენ. აქედან გამომდინარე, რათა თითოეულმა სამხედრომ შეძლოს ხმის მიცემა, სპეციალური ჯგუფის წევრებმა მათთან მიიტანეს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამ დროისთვის ხმის მიცემა დასრულებულია და საარჩევნო ყუთი ბრუნდება ბაზაზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ავღანეთში ჩატარებული არჩევნების ხმების დათვლა 28 ნოემბერს 20:00 საათის შემდეგ მას შემდეგ მოხდება, რაც მთელ საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცედურა.

ამავე თემაზე