2018-11-16 22:08:16
ვურჩევ ბატონებს, ომზე ფილმებს მაინც უყურონ...ამ ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სამხედროებს ბრალი დასდოს - ყოფილი სამხედრო, ლევან გრიგოლია

მე ვურჩევ ბატონებს, მართალია, მათ წიგნის წაკითხვის დრო არ ჰქონდათ და განათლების მიღების და არც ჯარში სამსახურის დრო, მაგრამ კონსულტანტები მაინც აიყვანონ და ომზე ფილმებს მაინც უყურონ - ამ განცხადებით, ყოფილმა სამხედრომ ლევან გრიგოლიამ, მმართველი გუნდის წევრებს უპასუხა. 

დღეს კახა კალაძემ და "ოცნების" სხვა ლიდერებმა აგვისტოს ომში მყოფი სამხედროები თანამებრძოლების მიტოვებაში დაადანაშაულეს.

ლევან გრიგოლია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ამ განცხადებების გამო აკრიტიკებს და ურჩევს, რომ სამხედრო საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას მოერიდონ.

მისი შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება, სამხედროებს რაიმე სახით ბრალი დასდონ მაშინ, როდესაც ვერ აკონტროლებენ ოკუპაციის ზონაში ხალხის გატაცებას ან ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო ერთი თვე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება. ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება თავის ტერიტორიაზე და მოუკლეს გიგა ოთხოზორია, ხელისუფლება, რომელსაც ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირა კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპაციის ზონაში სტაცებენ ხალხს და ბოლოს, ბოლო მოტაცებული ქალიც კი იყო, სამი შვილის დედა, იმას მორალური უფლება არ აქვს სამხედროებს ბრალი დასდოს, თავისი თანამებრძოლების ბრძოლის ველზე მიტოვებაში. ეს არის ძალიან სათუთი თემა, ტყვეების გაცვლა და დაღუპულების გაცვლა, რომლის სპეკულირება და პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ ამორალურია. მე ვურჩევ ბატონებს, მართალია, მათ წიგნის წაკითხვის დრო არ ჰქონდათ და განათლების მიღების და არც ჯარში სამსახურის დრო, მაგრამ კონსულტანტები მაინც აიყვანონ და ომზე ფილმებს მაინც უყურონ,“ - განაცხადა ლევან გრიგოლიამ.

ამავე თემაზე