2018-11-16 12:48:15
„ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი ერთიანია - ბესელია საარჩევნო ბილბორდებიდან საპრეზიდენტო კანდიდატის გაქრობის მიზეზებზე

„ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საპრეზიდენტო კანდიდატის ახალ საარჩევნო ბილბორდებს და ბილბორდებიდან მისი ფოტოსურათის გაქრობას გამოეხმაურა. 

ბესელია მომხდარში უცნაურს ვერაფერს ხედავს და ამ ცვლილების მიზანს განმარტავს.

„მეორე ტურის კამპანიის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილი არის რა - ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომელიც სრულად არ მოვიდა პირველ ტურზე იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ყველა ჩვენი იმ ამომრჩევლის, რომელიც პირველ ტურზე ვერ ან არ მოვიდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღეა დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საარჩევნო ბანერები გამოჩნდა. ბანერზე სალომე ზურაბიშვილის სახელი - გვარია და საარჩევნო ნომერია მითითებული, თუმცა ბანერზე "ქართული ოცნების" სხვადასხვა ლიდერები არიან გამოსახულნი. 

მათ შორის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

ამავე თემაზე