2018-11-15 13:50:12
"შესაძლოა, ამან უფრო “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშაოს, ვიდრე ენმ-ს წინააღმდეგ - ჟორჟოლიანი არჩევნების შუა კვირაში დანიშვნაზე 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში, ოთხშაბათს, 28 ნოემბრის დანიშვნას, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ არჩევნების თარიღსა და დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ შუა კვირაში არჩევნების ჩატარებამ სირთულეები შეიძლება "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის შექმნას და არა ენმ-სთვის

​"თუკი არჩევნების შუა კვირაში ჩატარება სირთულეს შექმნის, ეს სირთულეს ისეთი ადამიანებისთვის შექმნის, რომლებიც ნაკლები ენთუზიაზმით არიან განწყობილი - ამიტომ, შესაძლოა, ამან გარკვეულწილად უფრო “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშაოს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. შესაბამისი არგუმენტაციაც მას უნდა ჰქონდეს. დიდი მნიშვნელობა არა აქვს არჩევნები 28 ნოემბერს იქნება, 29 ნოემბერს თუ სხვა დროს. მთავარი ის არის, რომ არჩევნების მეორე ტურზე ის ადამიანები მივიდნენ, ვინც წინა არჩევნებზე არ იყვნენ. ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მივიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ არის, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი მობილიზაცია ჰქონდა. არჩევნებზე ის ადამიანები არ მივიდნენ, ვინც არსებული ვითარებით კმაყოფილი არ არიან და საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს. ვფიქრობ, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი არჩევნების მეორე ტურზე მივა და ხმას “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.

ამავე თემაზე