2018-11-14 14:30:02
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება - ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი ცნობილია 

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტი ცნობიალია. პროექტს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე დღეს უყრის კენჭს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მაღალი დონის პოლიტიკურ ზედამხედველობაში, კერძოდ, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მოდერნიზირების, სამინისტროების გეგმების კოორდინაცია და სინქრონიზაციის და მათი სრული და ეფექტური იმპლემენტაციის მეშვეობით.

გარდა ამისა, ანგარიშის პროექტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყონ ის, რომ ყველა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ჩართული სტრუქტურული ერთეულები აღჭურვილნი იყვნენ საკმარისი რაოდენობის კვალიფიცირებული კადრებით. ანგარიში ასევე მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურს და/ან ევროკომისიას უზრუნველყონ იმ პირების ტრენინიგი, ვინც დაკავებულია ასოცირების/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციით.

ანგარიშის პროექტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურს და/ან ევროკომისიას უზრუნველყოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგი, კერძოდ, ადამიანური რესურსების გაზრდით, ასევე პროგრესის ხარისხობრივი შეფასების გამოყენებით.

ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში და მიესალმება მათ ძალისხმევას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგში. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ევროკავშირთან ასოცირების/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თანახმად რეფორმების გატარებისას.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშესახები სარგებლისა და მიზნების შესახებ, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლა ფაქტებზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ინფორმაციის მეშვეობით. მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დახვეწოს მისი კომუნიკაციის სტრატეგია.

ამავე თემაზე