2018-11-13 17:10:51
ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა - ფინანსთა მინისტრი დეპუტატებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს. პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს იხილავს. მაჭავარიანმა დეპუტატებს მიმართა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა რეფორმატორია. 

მისი თქმით, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. 

“ორი კვირის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგი, სადაც კიდევ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიციები და მე-6 ადგილზე გადავინაცვლეთ. საქართველო არის ევროპაში მე-2 ადგილზე დანიის შემდეგ. მე-6 ადგილი ეს არის ელიტარული ადგილი, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მსოფლიო რუკაზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის ცენტრად აქცევს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში.

“ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, რომ ყველა მაჩვენებლით ლიდერი ვართ რეგიონში. მმართველობის ამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით, საქართველო ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს ევროპის ქვეყნებს შორის. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში ვუსწრებთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც (სერბეთი, რუმინეთი ბულგარეთი, მონტენეგრო) კორუფციის კონტროლის რეიტინგში ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, რუმინეთი. რეგულირების ხარისხის რეიტინგში 39-ე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეიტინგი - საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით არის მსოფლიოში მე-3 ადგილზე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. გადასახადების სიმცირე იზომება მსოფლიო ბანკის მთლიანი გადასახადების განაკვეთის ინდიკატორით (ე.წ. Total Tax rate). ჩვენ ამ რეიტინგში გვისწრებს ორი მცირე სახელმწიფო ბრუნეი და ვანუატუ. თუ არ ჩავთვლით ამ მცირე სახელმწიფოებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ბუნებრივია ყველას გვესმის, რომ ყველა ამ მიმართულებით შედეგები თავისით არ მოსულა. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე