2018-11-13 15:28:58
2008 წლის ომი - საქართველო ჰააგაში წარმომადგენლის გარეშე - ქართველი სამხედროების დაკავების ორდერების მოლოდინი და წულუკიანის დუმილი

არასამთავრობო ორგანიზაცია Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ საფრთხე, ჰააგის სასამართლომ ქართველების დაკავების ორდერები გამოსცეს, სავსებით რეალურია. ჯეირინაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა მოითხოვოს 2008 წლის ომში მონაწილე ჯარისკაცების, სამხედრო მეთაურების, მაღალი თანამდებობის პირების დაკავება და სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემა. მისივე თქმით, რაც დრო გადის ამის საფრთხე მით უფრო იზრდება, ვინაიდან სასამართლომ განხილვები დაასრულა და ახლა სხვა ეტაპზეა გადასული.

ამ ფონზე, ჯეირანაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს გარდა კონსულისა, რომელიც მისივე თქმით, პროცესებს მაშინ ესწრება, როდესაც ამის დრო აქვს. ჯეირანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს სასამართლოსთან რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება არ აქვს, განსხვავებით საქართველოსგან.

"რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, არ აქვს ვალდებულებები, ჩვენ, საქართველო ვართ წევრი ქვეყანა და შესაბამისად გვაქვს ვალდებულებები. გამოსცემს სასამართლო დაკავების ორდერებს რუსების წინააღმდეგ, გამოსცემს ქართველების წინააღმდეგ, რუსეთი რა თქმა უნდა იტყვის, რომ მე ამას არ აღვასრულებ, მე შენ არ გადმოგცემ არც ერთ ჩემ მოქალაქეს და სასამართლოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ აიძულოს რუსეთი, არ ყავს პოლიცია, არ ყავს ჯარი, ვერ დაიჭერს ამ რუს გენერლებს და ვერ წაიყვანს სასამართლოში, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი არ დაიწყება. ქართველებზე თუ გამოიცემა დაკავების ორდერი, ჩვენ ქვეყანას აქვს ვალდებულება, ვინაიდან ვართ წევრები, რომ გადავცეთ ეს პირები სასამართლოს და შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ მიდის გამოძიება და გამოვიდეს ცალმხრივი გამოძიება." ამბობს ჯეირანაშვილი

ჯეირანაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ აცნობა, მათთან შეხვედრაც მოთხოვა, თუმცა როგორც ის ამბობს, მათი მხრიდან არის "სრული იგნორი". მისი თქმით, არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია და საჯაროდ ვერ იტყვის, თუმცა ხელისუფლება ამ ყველაფრით არ ინტერესდება. 

დეტალურად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, ჯეირანაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა

ამავე თემაზე