2018-11-09 14:51:24
"განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს..."- ჩხუბი სამტრედიის საკრებულოში- დეპუტატისა და თავმჯდომარის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

რა მოხდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც დეპუტატმა ქალი სცემა? ამასთან დაკავშირებით, დეტალებს "ქუთაისიპოსტი"​ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით,  ღანირის თემის მაჟორიტარ დეპუტატ ბადრი შენგელიასა და მოქალაქე მაია ქორიძეს შორის კონფლიქტი სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკურში გადაიზარდა.

დაპირისპირების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა ნუგზარ ჯამბურიაც, რომელიც ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ახლო ნათესავები არიან და მათ ჩხუბი პირად საკითხზე მოუვიდათ.

"ბიძაშვილები არიან ერთმანეთის. რაღაც პირად საკითხზე დაიწყო კამათი. არავითარი ცემა არ ყოფილა, იკამათეს სიტყვიერად და მერე ხელით უჯიკეს ერთმანეთს. მე გამშველებლის როლში ვიყავი"–ამბობს ჯამბურია.

ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს თავად ღანირის დეპუტატი ბადრი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, ამბობს, რომ მაია ქორიძესთან შორის სიტყვიერი შეკამათება პოლიტიკურ ნიადაგზე მოუვიდა.

"თავმჯდომარესთან ყოფილა მისული და მე მითხრეს შენ გკითხულობსო. შევედი და პირდაპირ მითხრა, რას გავს ღანირი, რა დღეშიაო. ამაზე გავბრაზდი. დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ როგორც ვატყობ განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს. მესმის მისიც, სამსახური არ აქვს ადამიანს და გაბრაზებულია ალბათ ხელისუფლებაზე. ამაზე ვიკამათეთ. ახლოს არ მივკარებივარ, არ შევხებივარ ხელით, ან ჯამბურიას გაშველება რად მინდოდა, ჩემპიონი ვარ ჭიდაობაში"–ამბობს ბადრი შენგელია.

ბადრი შენგელია ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა, შემთხვევის ადგილზე უკვე იყვნენ პოლიციელები და თავმჯდომარის კაბინეტი, სადაც დაპირისპირება მოხდა. მომხდარზე საქმე  სსკ–ს 126–ე მუხით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო: kutaisipost.ge

 

ამავე თემაზე