2018-11-09 11:40:59
"არსებობს ვიდეომასალა, სადაც ისმის, როგორ ითხოვს დათა ახალაია მეტ დაკავებულს" - პროკურორი 26 მაისის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების მხარე ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავს. პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, აღნიშნული პირი ისაუბრებს, როგორ განვითარდა 26 მაისს პროცესები.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ პირობებში, როდესაც მას სურდა ტერიტორიის დატოვება. ბრალდების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ორგანიზებულად მოაქციეს ალყაში, არ მისცეს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების საშუალება. საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული. საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომასალა, როგორც მასმედიით გავრცელებული, ასევე ოპერატიული, სადაც ისმის თუ როგორ ითხოვს დავით ახალაია მეტ დაკავებულს და ამ დაკავებულებზე ჰპირდება მეტ პრემიას", - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შსს-ს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

ამავე თემაზე