2018-11-09 10:39:24
"სულის შემძვრელია მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები" - ირლანდიელი სენატორი

სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები - ეს განცხადება ირლანდიელმა სენატორმა, დერმუდ უილსონმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და საქართველოში ვიზიტი გაიხსენა

„ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ „საზღვარზე“ არსებული მდგომარეობა. სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას. იმედი მაქვს, რომ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს”, -განაცხადა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის სენატმა 20018 წლის 7 ნოემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას.

რეზოლუციით ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.

ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, სენატორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ამავე თემაზე