2018-11-09 10:14:40
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების შეძენის უფლების შეზღუდვა - ომბუდსმენი საკონსტიტუციოს მიმართავს

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოსგან იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა-გადაფორმების უფლება შეეზღუდათ.

ეს ნორმა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მოქმედებს, თუმცა ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან ეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას, კონსტიტუციის ჯერ არ ამოქმედებული, ახალი რედაქციით გათვალისწინებული, სავარაუდო, ჰიპოთეტური სამართლებრივი რეგულაცია შემოაქვს მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის საწინააღდეგოდ, რითიც წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ანალოგიური შინაარსის მქონე შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით უზრუნველყოფილ საკუთრების საყოველთაო უფლებასთან წინააღმდეგობის გამო. (2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე - „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების დაძლევის მცდელობას.

ამიტომ, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, დაჩქარებული წესით და გამარტივებული სამართალწარმოებით, ძალადაკარგულად სცნოს სადავო ნორმა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, განმწესრიგებელი განხილვის ფარგლებში მიღებული განჩინებით.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ." ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ იფნორმაციაში. 

ამავე თემაზე