2018-11-08 15:50:43
წვეულებებში დახარჯული 50 მილიონი - "გამჭვირვალობა" ხელისუფლების წარმომადგელობით ხარჯებს აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საჯარო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას. "გამჭვირვალობამ" შედეგები დღეს გაასაჯაროა და ის ასე გამოიყურება:

ძირითადი მიგნებები:

2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო უწყებებმა 49.2 მილიონ ლარზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიეს;

ყველაზე დიდი თანხა, 12 მლნ ლარზე მეტი, 2017 წელს დაიხარჯა;

2013-2017 წლებში საჯარო უწყებები წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის დღეში საშუალოდ 27 ათას ლარს გამოყოფდნენ;

დანახარჯის ოდენობა 2014 წლიდან მზარდია და 2017 წელს 2012 წლის დანახარჯს აღემატება;

იმ უწყებებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა;

მაღალ ბიუჯეტიანი უწყებების ხუთეულში შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია;

აღნიშნული ხუთი უწყების მიერ დახარჯული თანხა სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს.

კვლევა ეყრდნობა 117 საჯარო უწყების მონაცემებს. ინფორმაცია სულ 142 საჯარო უწყებიდან გამოვითხოვეთ. აქედან 18-მა არ მოგვაწოდა, 7 უწყებას კი მსგავსი ხარჯი არ გაუწევია.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა რამდენიმე მსხვილმა სახელმწიფო უწყებამ, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროები, რაც სავარაუდოდ მონაცემებს მკვეთრად შეცვლიდა. ინფორმაციის მოპოვების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ამ უწყებებთან სასამართლოში აგრძელებს დავას.

ხელისუფლების მიერ კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე საჭიროა ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯების დეტალური ანალიზი, რათა თავიდან  იქნას აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა. ასევე საზოგადოებას უნდა განემარტოს ამ ხარჯების ზრდის მიზეზი.

წარმომადგენლობითი დანახარჯები

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის, სტუმრების გამასპინძლების და მიღებების ორგანიზებაში 49 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. 2013-2014 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯები მცირდებოდა, ხოლო 2014 წლიდან დანახარჯების ტენდენცია მზარდია  და 2017 წელს უკვე აღემატება 2012 წელს გაწეულ ხარჯებს." ნათქვამია ანგარიშში. 

სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://www.transparency.ge/ge/post/xelisuplebis-mier-gaceuli-carmomadgenlobiti-xarjebis-mimoxilva

ამავე თემაზე