2018-11-08 11:12:55
მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს - ჯაში

მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ მმართველის პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს- განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა.

„ველოდებით მეორე ტურის თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტიან კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც მივიღეთ პირველ ტურში. დარწმუნებული ვართ, მეორე ტური იქნება დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ლიდერებთან კონსულტაციებში.

„როგორც მოგახსენეთ, კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გახდება ცნობილი. ეს იქნება ეფექტიანი კამპანია“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი მესიჯი მეორე ტურში მაქსიმალური ჩართულობასთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი თხოვნა იქნება.

ამავე თემაზე