2018-11-08 09:57:41
"თავდამსხმელებს შორის დეპუტატი მკოიანი, მისი ძმა და ძმისშვილი იყვნენ"

ახალქალაქში სასტიკად ნაცემი რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან თავდასხმის ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა- "გონება დაკარგული მაქვს და არ მახსოვს" - აცხადებს პოღოსიანი.

დაშავებულის ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ პოღოსიანს თავს ნიღბიანები დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულის მამის მტკიცებით, თავდასხმაში დეპუტატი ენზელ მკოიანი, მისი ძმა და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მან კვირას P.S.-ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა. რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, გამოძიება კი გრძელდება დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად. მათ შორის მას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. 

"ჩემს შვილზე თავდამსხმელებს შორის დეპუტატი, მისი ძმა და ძმისშვილი იყვნენ. ეს ადამიანები აქ ორი მანქანით მოვიდნენ. განყოფილებაში კი ის 10-მა პოლიციელმა დაკითხა. ვფიქრობ არ არის ნორმალური ერთი დაზარალებულის დაკითხვას ამდენი სამართალდამცველი აწარმოებდეს. ყველა თავისუფალია ვისაც სურს იმას მისცეს ხმა. ხალხს უნდა რომ ენზელ მკოიანი და მისი ბანდა ახალქალაქს მოშორდეს,"- აცხადებს დაზარალებულის მამა რობერტ პოღოსიანი.

ამავე თემაზე