2018-11-07 13:49:13
უგულავა: "მერობა დეფილე და პოდიუმზე სიარული გონია...სიტყვა ურბანულის მნიშვნელობა ისწავლეთ და ამის მერე დავეტოლოთ"

თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, რომ "ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ბევრი დანაშაულია ჩადენილი", დედაქალაქის ყოფილი მერი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა "ფეისბუქით" ეხმაურება:

"უშეცდომო არავინაა, მაგრამ უმაქნისი ბევრია. იხილეთ ერთ ერთი მათგანი. კაცი რომელსაც მერობა დეფილე და პოდიუმზე სიარული გონია. ფულის ათვისების მიზნით 80% გზას "პაკაზუხისთვის" იქ რომ დააგებ, სადაც საჭირო არაა და ძირითადად თავად დადიხარ, მერე უცბად ყველა კონტრაქტორს სალომე რომ შეუყვარდება და გულუხვად სწირავს - რაა მამული
პ.ს. ჯერ რამე გააკეთეთ, მანამდე სიტყვა ურბანულის მნიშვნელობა ისწავლეთ, მერე მისი გამოთქმა და, კი ბატონო, ამის მერე დავეტოლოთ. ნებისმიერი პარტიის მერის წარმატება გამიხარდება, რადგან ეს ჩემი ქალაქის წარმატებაა" წერს უგულავა.

„მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა ამასთან დაკავშირებით და მგონია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ეს მიწის ნაკვეთი უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. ჩვენ რა თქმა უნდა, განვითარების და მშენებლობის წინააღმდეგები არ ვართ, თუმცა არის ისეთი ადგილები, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის სპორტული მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები, პარკები, სადაც პირადად, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის იქ რაიმე სახის მშენებლობის განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ამ კონკრეტულ თემაზე სიახლე არის ის, რომ ეს მიწა, რომელსაც რთულია, დღეს კორტები უწოდო, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის დამუშავდეს პროექტი და პატარა სპორტული კომპლექსი გავაკეთოთ და მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის“, განაცხადა დღეს კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე