2018-11-01 10:34:04
„თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს“

ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც გუშინ ზოგიერთი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აზიარებდა.- ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მიონისტრი, გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, არ მიჰყიდოს "ჯაველინები" რუსეთს. ლევან იზორიას თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და რეალურად, ბოლტონმა ვიზიტის დროს, მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა განხორციელებული რეფორმების მიმართ. მისივე თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციის წყება წამოვიდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან.

"სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაშია ის რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ჯონ ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება, პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე ჯეიმს მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა იმის, რომ „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა, მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ამ სისტემების უსაფრთხოება იყოს დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენას აშშ-დან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი იმის ნაცვლად, რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, სამწუხაროდ, პირიქით ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, იმისთვის რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ. ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან წელს უფრო წინ არის წასული, ვიდრე შარშან. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. პირველად აშშ-ს არმიის ასეული გაივლის წვრთნას გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალ წლებში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. 

 

 

ამავე თემაზე