2018-10-30 14:24:36
ვიყიდით ტესტებს, რომელიც განსაზღვრავს, როდის მოიხმარა პირმა მარიხუანა - მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მოხდება ტესტების შეძენა, რომელსაც ექნება ფუნქცია განსაზღვროს, როდის მოიხმარა პირმა მარიხუანა. განცხადება ამის შესახებ მეზვრიშვილმა იურიდიულ კომიტეტზე გააკეთა, სადაც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავენ. 

მისივე თქმით, ტესტების შესყიდვა ჯერ არ დაწყებულა  და ვიდრე ეს მოხდება, ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ მყოფ პირს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გადაამოწმებენ, თუმცა ტესტების შესყიდვის შემდეგ გადამოწმება ისევე მოხდება როგორც ალკოტესტით ხდება.

„ტესტს აქვს ფუნქცია განსაზღვროს მოხმარების დრო, ანუ როდის მოიხმარა. ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ვსჯით მხოლოდ ისეთ პირებს, რომლებიც ავტომობილის მართვის მომენტისთვის იმყოფებიან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. თუ პირმა 40 დღის წინ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და სისხლში ჯერ კიდევ აქვს და მართავს ავტომობილს, მაგრამ კლინიკურად ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ეს რომ გადავამოწმოთ დღეისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები, შსს პასუხისმგებელი პირები, ექსპერტები აკეთებენ ამას, მომავალში ამას ჩაანაცვლებს შესაბამისი ტესტები, როგორიც გვაქვს მაგალითად ალკოტესტი.

ეს ტესტები მესამე მოსმენამდე იქნება თუ არა, ამ ეტაპზე თქმა ძნელია. საბოლოო შესყიდვის პროცედურები არ დაწყებულა. მთავარია, რომ კანონის ამოქმედება არ გადავდოთ. ტესტის გარეშეც შესაძლებელია კანონის აღსრულება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე