"რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო ან აუდიოფაილების სახით,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს გამოეხმაურა:
„რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებით ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო და აუდიომასალების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, თუმცა არაფერი, არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინს და მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას რატომ არ მისცა ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს „ომეგა ჯგუფის“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე, რისი სულისჩამდგმელებიც ივანიშვილი და ფარცხალაძე არიან; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქს ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს“, - განაცხადა ვაშაძემ.