2018-10-17 15:32:33
"საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე"

„ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მთავარ წესს, კონსტიტუციასაც აღარავინ კითხულობს"- აცხადებს "შენების მოძრაობის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილის პრეზიდენტის შეთავაზებაზე პრემიერის უარს ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტმა მთავრობას სწორი წინადადებით მიმართა, რომ პრობლემებზე მსჯელობა არა მიტინგებზე, არამედ საქმიან ფორმატში შედგეს. უსუფაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილის ეს წინადადება განიხილოს და სხდომა დანიშნოს:

"აქ რა წერია ამას მნიშვნელობა არ აქვსო, გვეუბნება დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებების მსგავსად. არადა, სანამ სახელმწიფო, არჩევნები და ჩვენი ცხოვრება კონსტიტუციას არ დაემორჩილება, მანამ არაფერი გვეშველება.

პრეზიდენტი კი არა, ყველა სხვა გარდა საკუთარი თავისა და მიხეილ სააკაშვილისა, ხელისუფლებას უნდა გააქროს საქართველოდან, საინფორმაციო სივრციდან. მათ არ აწყობთ სხვა მოთამაშის, თანამდებობის პირის, პოლიტიკური ძალის, პოზიციისგამოვლენა და გამომჟღავნება და აგრძელებენ ამ პოლიტიკას. არადა, პრეზიდენტმა მგონი, საკმაოდ სწორი წინადადებით მიმართა მთავრობას, რომ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე კი არა, საქმიან ფორმატში შედგეს მსჯელობა პრობლემებზე.

ვურჩევდი მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის ეს შეთავაზება, ჩაატაროს ეს სხდომა და განიხილონ სხვა საკითხიც. კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება; საჭიროა, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს სახელისუფლებო საკითხებზე ცივილიზებული გზით პაექრობის სივრცე;

2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების დაანონსება განმუხტავდა იმ დაძაბულობას, რაც გვაქვს, აარჩევინებდა ქართველ ხალხს პრეზიდენტს და ჩვენც მშვიდად და ცივილიზებულად გადავდგამდით ყველა ერთად ნაბიჯს წინ. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხსაც თუ განიხილავენ, მგონი, სწორი იქნება.“ აცხადებს დავით უსუფაშვილი

ამავე თემაზე