2018-10-17 11:18:59
კობახიძის ხუთი ნებართვა - როგორ შევიდა მოწმე დეპუტატი ბრალდებულთან კვირა დღეს ციხეში?

ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ციხეში შეხვედრებისა და მათი სავარაუდო აუდიოჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ არაერთი კითხვა გაჩნდა. კითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ საკითხებს.

შინაარსობრივი საკითხები:

რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მონაწილეობა დაადასტურა უმრავლესობის დეპუტატმა ჯაფარიძემ. მან ამ საკითხზე არაერთ მედიას მისცა კომენტარი, შინაარსი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტური იყო. ის იმეორებდა ფრაზას, რომ "არასერიოზული საუბარი იყო".

16 ოქტომბერს პროკურატურამ, იმავე პირების შესაძლო მონაწილეობით, ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებდა. დღევანდელი აუდიოჩანაწერის შემდეგ გაჩნდა კითხვა, რატომ არ თქვა დეპუტატმა, რომ მირზა სუბელიანი ტყუილების გავრცელებაზე ესაუბრა. 

პროცედურული საკითხები:

სუბელიანი-ჯაფარიძის შეხვედრების პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს შემდეგი კითხვები აქვთ:

1. რატომ არ ჰქონდა მირზა სუბელიანს ტელეფონით საუბრის უფლება შეზღუდული?
2. რატომ შეძლეს საქმის მთავარმა მოწმეებმა გამოძიების დაწყების შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრა?
3. როგორ შეძლო დეპუტატმა 14 ოქტომბერს, კვირა დღეს ციხეში შესვლის ნებართვის მიღება?

"ამოიღეთ სატელეფონო ჩანაწერი, ან რა უფლებით, ვინ დაარეკინა, რატომ არის განსაკუთრებულ ფუფუნებაში და რატომ რეკავს ტელეფონით" - ამ კითხვით მიმართა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ლევან სამუშიამ უმრავლესობის დეპუტატს ანრი ოხანაშვილს გადაცემა "არჩევანში" 

სამუშია ასევე დაინტერესდა პროკურატურაში დაწყებული გამოძიების გამო, რატომ მიეცათ მოწმეებს ერთმანეთის ნახვის უფლება.

"როდესაც გამოძიება არის დაწყებული და ერთ მთავარ მოწმეს აძლევენ საშუალებას, შეხვდეს ციხეში მეორე მთავარ მოწმეს, რასთან გვაქვს საქმე? ეს არის თუ არა პროცედურული დარღვევა? უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი?" — ჰკითხა სამუშიამ ოხანაშვილს.

"არჩევანში" პარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ანი მიროტაძე ამბობდნენ, რომ ციხეში შაბათ-კვირას პარლამენტის დეპუტატების შესვლა შეუძლებელია. ვიქტორ ჯაფარიძეს კი კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრძანებაზე ხელი მოუწერა და ციხეში შესვლის უფლება მიანიჭა.

ამავე თემაზე