2018-10-15 12:54:41
"ქვეყანაში არის უკანონო ბანდ-ფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ...მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული"

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" წევრი გიორგი ვაშაძე, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სისტემური დანაშაულებრივი მექანიზმი, რომლის ერთადერთი ამოცანაა შეასრულოს კონკრეტული დაკვეთები

„მართლაც შემაძრწუნებელია ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სისტემური დანაშაულებრივი მექანიზმი, რომლის ერთადერთი ამოცანაა შეასრულოს კონკრეტული დაკვეთები, რომელიც მოდის ვიწრო ანკლავური ჯგუფიდან, როგორიცაა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ქვეყანაში არის უკანონო ბანდ-ფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ. ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სამართალი და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული ამ ბანდ-ფორმირებებისთვის დავალებების მიცემაში. ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის ერთადერთი: 28 ოქტომბერს ეს უბედურება უნდა დავამთავროთ აბსოლუტურად მშვიდობიანად. ყველამ უნდა უთხრას არა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიერ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ სისტემური დანაშაულების მექანიზმს.

ფაქტობრივად, პირდაპირი მტკიცებულებები ვნახეთ იმის, რასაც ზაზა სარალიძე ამდენი ხნის მანძილზე ამბობდა. ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს, ასრულებს უკანონო ქმედებებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვეყანაში აღარ არსებობს ინსტიტუცია იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეები დაიცვას,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ამავე თემაზე