2018-10-12 17:12:19
თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული მოკლულის შვილს სთავაზობდა - პროკურორი

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა- ინფორმაციას ადასტურებს საქმის პროკურორი. გია შაიშმელაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ მოწმეთა დაკითხვებით დასტურდება- "მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა", - აცხადებს შაიშმელაშვილი.

სასამართლო პროცესზე დღეს მოკლული გოგონას მცირეწლოვანი შვილი დაიკითხა. პროკურორი ამბობს, რომ  მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა.

"დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა ის. ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი პირველი გამოკითხვის დროს ესწრებოდა არასრულწლოვანის ჩვენებას, მეორე ფსიქოლოგმა არასრულწლოვანთან ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იმუშავა და შეაფასა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით და მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა სწორად აღიქვა მოვლენები და შესაბამისად, სწორად გადმოსცა სასამართლოზე. ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო", - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

ამავე თემაზე