2018-10-12 16:38:29
"კანდიდატებმა უნდა გაითავისონ, რომ რეალური მოწინააღმდეგე არის სხვა და არა ქართველი“ - ჯორჯ კენტი

უკრაინასა და საქართველოში საარჩევნო კამპანიისას ხშირია დემონიზების შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

​„არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაშიც არსებობს, რადგან ჩვენ ბევრი სხვადასხვანაირი საარჩევნო სისტემა გვაქვს. ასევე, შემდგომ უკვე ურთიერთობა კანდიდატებს შორის. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც მოვისმინე, იყო გარკვეული პრობლემები იმ ენის გამოყენებაში, რაც კამპანიაში ხდებოდა. ბოლო სამი წელი უკრაინაში ვმსახურობდი და შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ტრენდი იყო. დემონიზების შემთხვევები ხშირად იყო, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას და ა.შ. აბრალებდნენ. ამ ორივე ქვეყანაში – საქართველოში და უკრაინაში განიცადეს რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე და მათი ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური კანდიდატები უფრო მეტად უნდა კონცენტრირდნენ ქვეყნის დადებით თვისებაზე და გაითავისონ ის, რომ რეალური მოწინააღმდეგე არის სხვა და არა ქართველი“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისივე თქმით, არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე:

„აშშ მხარს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს უჭერს, რომლებიც არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებენ. მათ შორის, არის ეუთო, რომელიც ამ კონკრეტულ არჩევნებს აკვირდება. მე ვესაუბრე ეუთო-ს წარმომადგენლებს, ასევე IRI-ს და NDI-ის, ამერიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე 20 წელია, საქართველოში მუშაობენ და არჩევნების უკეთ ჩატარებისთვის დახმარებას უწევენ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები თანასწორ და სამართლიან გარემოში. ბევრი ორგანიზაცია – ქართული თუ საერთაშორისო აკვირდება ამ არჩევნებს და დასკვნას არჩევნების შემდგომ გააკეთებს. ეუთო-ს სტანდარტები, ორგანიზაციისა რომლის წევრიც საქართველოც გახლავთ, ყველასთვის ნათელია – ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. ამერიკის საელჩოც ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება." განაცხადა კენტმა, რომელიც დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა. 

 

ამავე თემაზე