2018-10-12 15:23:34
"შაშკინის განცხადება სიცრუეა" - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის, არჩილ ომიაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადება, რომ 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არჩევანის უფლება არ ექნებათ, მცდარია და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ემსახურება.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით შაშკინი ავრცელებს წინასწარ შეცნობით ყალბ ინფორმაციას, თითქოს 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმებით. სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა 2016 წლამდე, მაგრამ ამასთანავე, თითქმის ყველა პარტია და ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვლიდა, რომ აღნიშნული ტიპის უბნებს ინსტრუმენტად იყენებდნენ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები მთელ შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა, გარდა ავღანეთისა.

მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო სამსახურებზე საარჩევნო უბნებზე გამოხატულობის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგიტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგიტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი გადასატანი ყუთების მეშვეობით.

მსურს, სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ავღანეთის როტაციის ვადებთან დაკავშირებით, შაშკინის განცხადებაში ნათქვამია, რომ როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტიგენტში მონაწილე პირადი შემადგენლობის საარჩევნო უბნები. რა თქმა უნდა, ესეც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ხმას მისცემენ 2 ლოკაციაზე -ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა “მარმალზე”, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც მისია შეასრულა და საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაბრუნდება, ამ პერიოდისათვის იქნებიან შვებულებაში და გაანხორციელებენ თავიანთ უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით” განაცხადა არჩილ ომიაძემ. 

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ სამხედროები 28 ოქტომბერს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ:

“ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ხელისუფლებამ სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და აგერ უკვე ექვსი წელია, მმართველი პოლიტიკური პარტია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს, კაპრალებს, ოფიცრებს არ ჰქონდეს საშუალება საკუთარი არჩევანი გააკეთონ”, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამავე თემაზე