პოლიტიკა
2018-10-12 13:10:00
"რას აკეთებს სუს-ის 4-ათასი თანამშრომელი?" - რა მიზანს ემსახურება სუს-ის ბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე დაინტერესდა, თუ რა მიზანს ემსახურება 2019 წლისათვის სუს-ის ბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა. განცხადება ბარამიძემ  2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პარლამენტში განაცხადა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 4 ათასი თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი არის მართლა პროფესიონალი, რომელთაც შეუძლიათ რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელია და ამ ხნის განმავლობაში სუს-ს ოკუპირებულ ქვეყანაში ერთი ჯაშუში არ ჰყავს გაუვნებელყოფილი. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას და რა უნდა თქვას საქართველოს მთავრობამ, რომ ასეთ ქვეყანაში ერთი ჯაშუშიც არ ფუნქციონირებს?! რას აკეთებს სუს-ის 4-ათასი თანამშრომელი? ვიცით რასაც აკეთებს - დასდევენ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ყველა სხვანაირად მოაზროვნეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს გააკრიტიკებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის, ასევე “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

ამავე თემაზე