2018-10-11 16:01:26
​"რამდენი დრო დასჭირდება ნაცმოძრაობას, რომ ვანო ჩხარტიშვილი ჩაიხუტოს...ერთი ფეხი უკვე მყარად აქვს ჩადგმული პარტიის ხელმძღვანელობაში"

ახალ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც "კურიემა" გუშინ გაავრცელა და სადაც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, გიგი უგულავა ეხმაურება. "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ჩხარტიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ავლებს პარალელს და წერს:

"ვანო ჩხარტიშვილი რა ხვითოცაა გუშინდელ ჩანაწერებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ახლა საერთოდ ФСБ შეფს, შენი ქვეყნის მთავრობის დამხობას რომ სთხოვ, მზად რომ ხარ სერგო ორჯონიკიძესავით რუსულ ჯარსაც შემოუძღვე, თან ამას ათი წლის მერე, როგორც ბერბიჭაშვილი ილიას მკვლელობას, სიამაყით ჰყვები - იქ ყველაფერი ცხადია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. აქ #წერტილი. ნორმალურ სახელმწიფოში აწი ეს გამოძიების და სასამართლოს საქმე იქნებოდა. მაგრამ ამ კუთხით ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა მაინც არა იმდენად მართმსაჯულების არარსებობა, რამდენადაც პოლიტიკური კლასის ნაწილის უსინდისობამდე მისული უპრინციპობაა. ირაკლი ოქრუაშვილმა 7-9 წლის წინ მონაწილეობა მიიღო ყველა რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემაში, გაახმოვანა რუსეთის მიერ დანერგილი ანტდასავლური ყველა ცილისმწამებლური კლიშე. ცხოვრობდა ФСБ-ს "პადმასკოვსკი დაჩაზე", აგროვებდა შეიარაღებულ ხალხს და ეცადა ხელისუფლების დამხობას. მეტი კიდევ რა უნდა ექნა?! მერე რა? დღეს ის სააკაშვილის და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია. ლოგიკურად ისმის შეკითხვა - რამდენი დრო დასჭირდება ნაცმოძრაობას, რომ ვანო ჩხარტიშვილი ჩაიხუტოს და თუ დასჭირდა "გმირიც" უწოდოს, მითუმეტეს რვაფეხა ჩხარტიშვილს ერთი ფრხი უკვე მყარად აქვს ჩადგმული პარტიის ხელმძღვანელობაში. ნურავის გაუკვირდება - სადაც ოქრუაშვილი იქ ჩხარტიშვილიც გახდება "კერკეტი კაკალი". 
პ.ს. ესაა ზუსტად ღალატი. იდეების და ღირებულებების ღალატი" წერს გიგი უგულავა.

 

ამავე თემაზე