2018-10-11 12:35:54
"მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს“ - ჩხარტიშვილის განცხადება ჩანაწერებზე

ვანო ჩხარტიშვილი „კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარულ ჩანაწერს ეხმაურება. ბიზნესმენის შეფასებით, ეს არის "მორიგი საპნის ოპერა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით". ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად ის არ შეწყვეტს  სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ის, ნიკა გვარამიას, იბერიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ:

„ამ სერიალების სცენარისტ მიხელ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდაო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ზემოთ დასახელებულ ტელეკომპანიებში ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიიჩნია ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად.

ისე, ხალხს, სამი წლის წინანდელი გადაკეთებული ჭორაობების ყურებაში უკვე ჩაეძინა და რაღაც ახალია საჭირო. ამიტომ დავაანონსებ, რომ ფინალში გავრცელდება ჩემი საუბრები სერგო ორჯონიკიძესა და იოსებ სტალინთან თუ როგორ ვგეგმავდით გვირაბის გათხრას თავისუფლების მოედნამდე და იქ წითელი დროშის აფრიალებას. ასე, რომ მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს“,- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა 

ამავე თემაზე