2018-10-10 17:52:33
თამბაქოს 20 000 000-ანი ბიზნესი რომლითაც ივანიშვილი დაინტერესდა - ყიფიანის ჩვენება

თბილისის პროკურატურა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს. საგამოძიებო უწყებაში ლევან ყიფიანი ფარული ჩანაწერების იმ ეპიზოდზე საუბრობს, სადაც ერთმანეთს სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი, ალექსი ანდრიაძე, ივანე ჩხარტიშვილი ესაუბრებიან. ჩანაწერში საქმე ეხება თამბაქოს ბიზნესს.

საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, რა ურთიერთობა ჰქონდათ ამ პირებს ერთმანეთთან და რეალურია თუ არა ჩანაწერში აღწერილი გარემოებები.

გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენად არის რეალური ჩანაწერში გამოთქმული გარემოებები. ყიფიანი დასახელებული პირების ურთიერთობის მიზეზად თამბაქოს ბიზნეს ასახელებს. ჩვენებაში სპორტის ყოფილი მინისტრი ბიზნესის იდეის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი თქმით, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი იყო. ყიფიანი ამბობს, რომ ბიზნეს იდეით დაინტერესებული იყო ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც პროექტში პარტნიორად უნდა შესულიყო.

„ჩემთვის უცნობია, რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ. რაც შეეხება უშუალოდ მათ ურთიერთობას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა, რომლის ფარგლებშიც ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შემოსულიყო პარტნიორად,“ - ამბობს ყიფიანი ჩვენებაში.

სპორტის ყოფილი მინისტრი დეტალურად ყვება ქართული თამბაქოს ბიზნესისა და მათი გეგმები შესახებ. ყიფიანის თქმით, ბიზნესის იდეა ქართული თამბაქოს გაშენებას და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა.

ყიფიანის თქმით, თამბაქოს ბიზნესის იდეით ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, რომელმაც პროექტის დაფინანსების სურვილიც გამოთქვა.

„ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარი, რის გამოც გადავწყვიტეთ დახმარება გვეთხოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოეწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბატონი ბიძინას თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ბიზნესში. პროექტის მიხედვით, ვანო და ზაზა ბიზნესში შემოდიოდნენ 20-20%-ით და მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონი აშშ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს ყიფიანი.

ყიფიანის თქმით, თამბაქოს საკითხზე ყოფილ პრემიერთან მისი და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრა მეორედაც შედგა, რა დროსაც ბიძინა ივანიშვილს იდეა მოეწონა და განაცხადა, რომ პროექტს საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა.

ყიფიანის თქმით, კონკრეტულად დაფინანსება მოხდებოდა ფონდიდან, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი განაგებს. საუბარია თანაინვესტირების ფონდზე.

ყიფიანი ასევე ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ორი შეხვედრა გაიმართა. აქედან პირველ შეხვედრას ესწრებოდა გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და თავად ლევან ყიფიანი. ხოლო მეორე შეხვედრას, ყიფიანის თქმით, შს მინისტრი აღარ დასწრებია. ყიფიანის თქმით, შეხვედრები, ქართულ თამბაქოსა და სიგარეტის წარმოების განვითარებას ეხებოდა.

ამავე თემაზე