2018-10-10 12:14:48
"ვაპირებ, კანონის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი შვილის მკვლელები გავანადგურო" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. კუბლაშვილის განცხადებით, ისინი დიპლომატებს საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და აუხსნიან, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები არ ისჯებიან.

„ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ვუგზავნით წერილს და მათ ვთხოვთ დახმარებას. ჩვენს წერილში საუბარია საქმის ისეთ მასალებზე რაც დღემდე საჯაროდ არ გამოგვიქვეყნებია. საუბარია თუ რა ქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ დღემდე და რომ არ დასჯილან დამნაშავეები“, -განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატი ასევე მოუწოდებს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს გამოაქვეყნოს კომპლექსური დასკვნა. ადვოკატი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ უკვე ცნობილია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა მოხდა ისე, რომ მას თავი ბალიშზე ჰქონდა დადებული და აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ექსპერტიზის ბიუროც, თუმცა ისინი დასკვნის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, რადგანაც ხელისუფლების მიერ ხდება გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, კი ის და მისი ადვოკატი მოუწოდებენ დიპლომატებს, რომ საქმის შესახებ გააგებინონ მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

„მივმართავ დიპლომატებს, რათა ამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაიტანონ საზღვარგარეთ, რადგან ხელისუფლებას თემირლანის საქმეზე არ აქვს პასუხი. ჩვენ ვთხოვთ დიპლომატებს დახმარებას. ვაპირებ, კანონის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი შვილის მკვლელები გავანადგურო“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე