2018-10-09 16:41:03
„ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით,საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.

სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულებაა.

„გუშინ საკმაოდ რთული დღე იყო კომიტეტებში. პოლიტიკურ ჯგუფებში მიმდინარეობდა სამზადისი დღევანდელი დისკუსიისთვის, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება და ეხება რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს განთავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ისე, რომ არ შეასრულოს არანაირი ვალდებულებები.

„ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს თემები ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების საკითხებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ დისკუსიებში.

დღეს ვნახავთ, რამდენად აღმოაჩნდება რუსეთს მხარდამჭერები ერთი მხრივ და ასევე ვიხილავთ თავად ევროსაბჭოს ორგანიზაციის ღირებულებების მხარდამჭერებს.

რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე მათთვის რაიმე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღება აცდენა იქნება თვითონ ევროსაბჭოსთვის და დამაზიანებელი იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია არის შექმნილი. ამას ყველა კარგად აცნობიერებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ევროსაბჭო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე