2018-10-08 16:48:17
„სანამ ფარცხალაძეს ექნება განცდა, რომ პოლიტიკური მფარველები ჰყავს, ის ასე ისაუბრებს"

„სანამ ფარცხალაძეს ექნება განცდა, რომ მას პოლიტიკური მფარველები ჰყავს, ის, რა თქმა უნდა, ასე ისაუბრებს"- პრეზიდემტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გადაწყვეტილება "პოლიტიკურმა მფარველებმა" უნდა მიიღონ:

„სანამ ფარცხალაძეს ექნება განცდა, რომ მას პოლიტიკური მფარველები ჰყავს, ის, რა თქმა უნდა, ასე ისაუბრებს. აბა ხომ არ იტყვის, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავეო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა მფარველებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. თავად ფარცხალაძე სწორ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს. ის ბოლომდე შეეცდება დაიცვას თავი. ასევე იქცეოდნენ წინა ხელისუფლების ფავორიტი ადამიანები, რომლებიც მსგავსი თემებით იყვნენ დაკავებულები. პოლიტიკურმა მფარველებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ომეგას საქმეს. "შენების მოძრაობის" ლიდერის თქმით, ეს დავა საქართველოში უნდა გაირკვეს.

„ადამიანებმა, რომლებიც ან თავს ვერ ართმევენ საკუთარ სახელისუფლებო მოვალეობებს, ან უარესი, ჩართულები არიან უკანონო მოქმედებებში, მათ ისედაც უკვე დააზარალეს ქვეყანა. ისღა გვაკლია, რომ მთელ მსოფლიოში მოეჭრას თავი ქვეყანას. ეს თემები საქართველოში ქართველმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, ლონდონსაც და ტოკიოსაც, რომ შეგვიძლია საკუთარი სახელმწიფოს გაძღოლა. არაობიექტურად წარმართული გამოძიებები გაცილებით ძვირად უჯდება ხელისუფლებებს, ვიდრე ობიექტურად წარმართული და მისი რომელიმე წარმომადგენლის მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე