2018-10-08 15:44:16
"ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე“- სალაძე

"მგონია, რომ ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე“ - ეს განცხადება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან სწორედ ძლიერი სამოქალაქო სექტორი გამოარჩევს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის დადებით კონტექსტში აღქმა არ ხდება და ისინი მესამე სექტორზე ზეწოლას ცდილობენ.

რაც შეეხება კობახიძის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადება გაავრცელა, ხოლო სამოქალაქო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა, რადგან ნიკა გვარამიას განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია - სალაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება თვლის, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები ფაშისტურია შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, რომლების მსგავს საქმეებს იძიებენ.

„თუ ეს განცხადება ამ მასშტაბის და ასეთი მნიშვნელობის იყო, ამ ქვეყანაში არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ევალებათ მათ შორის ფაშიზმთან და სხვა საერთაშორისო დანაშაულებების შესწავლა და გამოძიებამ, ასეთ შემთხვევაში ვექტორს ჩვენსკენ ნუ მომართავენ, მიმართონ იმ უწყებებისკენვისაც ხელეწიფება გამოძიება.

მე მგონია, რომ ეს შეფასება ბატონი კობახიძის მხრიდან უფრო ემსახურება იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომელებიც მრავალი წელია ვაკვირდებით არჩევნებს.

თუკი საქართველოს რამე გამოარჩევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონში სხვა ქვეყნებისგან არის ძლიერი სამოქალაქო სექტორი. არაფერი განსხვავებული არ ხდება აზერბაიჯანში და შუა აზიაში იგივე პრობლემებს ვუსმენთ, რასაც დღეს გველაპარაკებიან, რომ თურმე ასეთი შემოწმებები უნდა დაიწყონ.

არავის დასამალი არაფერი აქვს, ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ჩვენს წლიურ ანგარიშებს, ვისგან საიდან რამდენი თეთრი გვაქვს მიღებული. უბრალოდ, მგონია, რომ ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე“-აცხადებს სულხან სალაძე.

ამავე თემაზე