2018-10-05 17:24:01
"რუსეთის ფედერაცია დაბრკოლებებს უქმნის ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას"- პრემიერი სუამ-ის სხდომაზე

სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შეერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორგანიზაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას.

მხარეებმა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოების, სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციისა და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და საერთო გამოწვევას. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა სუამ-ის ფარგლებში წევრი ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მეტი მობილიზების აუცილებლობას.

„ჩვენ ერთმანეთს ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ ვცდილობთ იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას, რომელსაც დღეს ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მიუღებელია საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ასევე, უნდა გვქონდეს შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ სუამ-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინიციატივის განხილვა - გზები, რომლითაც ჩვენი ერები ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ყურადღება გამახვილდა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ახალ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია სუამ-ის ორი მნიშვნელოვანი დარგობრივი პროექტის, თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს თითოეულ მათგანს.

სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთქმედებასა და საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას

ამავე თემაზე